სიახლეები

საერთაშორისო სახლი თბილისი „მწვანე საჩუქრის“ ახალი მეგობარია

ჩვენს სოციალური საწარმოს მხარდამჭერებს უცხოური ენების სწავლების ცენტრი – საერთაშორისო სახლი თბილისი/ International House Tbilisi (IH) შემოუერთდა და დღეიდან ჩვენთან ერთად შეაგროვებენ ქაღალდის ნარჩენებს. საერთაშორისო სახლი თბილისი (IH) – მსოფლიო ორგანიზაციის წევრი და ფილიალი 1989 წელს გახდა. იგი ამჟამად საქართველოში უცხოური ენების სწავლების და მასწავლებელთა ტრენინგის უდიდესი ცენტრია, როგორც კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ აკრედიტირებული მასწავლებელთა მომზადების ცენტრი. მთელი გუნდის სახელით გიხდით მადლობას, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა.

საქართველოს ბანკის ფონდი “სიცოცხლის ხის” საგრანტო კონკურსი

ჩვენმა სოციალურმა საწარმომ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის ფონდი სიცოცხლის ხის მიერ გამოცხადებულ რიგით მეოთხე საგრანტო კონკურსში და მოიპოვა გრანტი 50 000 ლარის ოდენობით. პროექტის „მწვანე საჩუქრის განვითარება“ მიზანია გააძლიეროს სოციალური საწარმო, როგორც ადამიანური ისე ტექნიკური რესურსით. პროექტის ფარგლებში ორი ახალგაზრდა გაივლის 3 თვიან სასწავლო კურსს ციფრულ დიზაინში და ამ ვადის გასვლის შემდეგ დასაქმდებიან სოციალურ საწარმოში. ასევე ბიუჯეტის ფარგლებში შევიძენთ ახალ დანადგარებს რომელიც ხელს შეუწყობს ახალი ეკოდამზოგავი პროდუქციის წარმოებას გადამუშვებული ქაღალდებისაგან.

წლის სტარტაპ სოციალური საწარმო

2017 წლის 7–8 დეკემბერს, თბილისში სოციალური მეწარმეობის ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანია სოციალურ მეწარმეებსა და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში. აგრეთვე ყოველწლიურად სოციალური მეწარმეობის ფორუმზე ცხადდება 2 გამარჯვებული – წლის სოციალური საწარმო და წლის Start Up სოციალური საწარმო. წლევანდელი სოციალური მეწარმეობის ფორუმის ფარგლებში 2017 წლის Start Up სოციალური საწარმოს ნომინაციაში გაიმარჯვა მწვანე საჩუქარმა, საქართველოს ბანკი კი გადასცემს 4000 ლარიან ფულად პრიზს.

პირველი B2B გამოფენა

თბილისში 3 ნოემბერს პირველი B2B გამოფენა გაიმართა სოციალური საწარმოებისათვის, რომლის მიზანი იყო სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება. აღნიშნული გამოფენა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და სოციალური მეწარმეობის ალიანსის ორგანიზებით ჩატარდა. ჩვენი გუნდი აქტიურად ემზადებოდა აღნიშნული გამოფენისათვის და წარმოვადგინეთ სხვადასხვა ტიპის პროდუქცია – შესაფუთი ქაღალდები, კალენდრები, ფლიპჩარტები. ჩანიშნული იყო შეხვედრები პოტენციურ დამკვეთებთან. გამოფენის შედეგად მივიღეთ ჩვენი პირველი სერიოზული შეკვეთა BDO Georgia–საგან.

სოციალური საწარმო “მწვანე საჩუქარი”

სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“ დაფუძნდა 2017 წლის 7 ივლის, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის „სოციალური  მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისათვის“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ. საგრანტო კონკურსში გამარჯვებამდე ჩვენმა გუნდმა რამდენიმე საინტერესო და დატვირთული ეტაპი გაიარა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი მიზნებისა და მათი განხორციელების გზების საბოლოო ჩამოყალიბების საქმეში. აღნიშნული გრანტით ვიქირავეთ საწარმოსთვის საჭირო ფართი, შევიძინეთ ავტომანქანა, რომელიც ქაღალდის ნარჩენების შეგროვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დავამზადეთ ყუთები, რომელიც განთავსდება ჩვენს მეგობარ ორგანიზაციებში.